სახელმწიფო მდივანმა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე მოხსენება უნდა გააკეთოს - აშშ-ის თავდაცვის აქტის წარმომადგენელთა პალატის ვერსია

პუბლიკა

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ვერსიით, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი და სენატს გადაუგზავნა, საქართველოს მხარდამჭერ ტექსტთან ერთად დამატებულია თავი, რომელიც სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს კანონპროექტის მიღებიდან 180 დღეში კონგრესს საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებზე ანგარიში წარუდგინოს.

კანონპროექტში, „უილიამ თორნბერის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 2021 წლის ფისკალური წლისთვის“ თავი, ნომრით 1299C. ასეა ფორმულირებული:

ანგარიში საქართველოს მთავრობის დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაზე

„შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას, ერთგულებას კორუფციასთან ბრძოლაში და მცდელობას, რომ საქართველოს კერძო სექტორში უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაცვა და მათთვის შესაბამისი გარემო.

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მათ შორის, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თავსებადობის გაზრდისთვის, ომის კანონების ერთგულებისა და თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

კანონპროექტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს მოხსენება, რომელიც შეიცავს:

1. ანალიზს იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს, რათა გაამყაროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები;

2. ანალიზს იმის შესახებ:

ა) ახორციელებს თუ არა ეფექტიანად საარჩევნო რეფორმას საქართველოს მთავრობა;

ბ) პატივს სცემს თუ არა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩარევისაგან;

გ) ეფექტიანად ატარებს თუ არა იმ აუცილებელ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოს ანგარიშვალდებულებასა და გამჭირვალობას, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავ წვდომას

დ) იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს, ასევე, მედიის თავისუფლებას;

ე) დაბოლოს, წარუდგენს ანალიზს ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელსაც სახელმწიფო მდივანი საჭიროდ ჩათვლის“, – წერია თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.

2021 საბიუჯეტო წლის დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ სახელმწიფო მდივანმა საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთსა და აზერბაიჯანში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებაც უნდა წარუდგინოს ანგარიში.

ასევე, ხაზგასმულია საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო მისიებში, მათ შორის, ავღანეთში მიმდინარე NATO-ს ოპერაციაში.

თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წარმომადგენელთა პალატის ვერსიი, შეერთებულმა შტატებმა უნდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ასევე უნდა გააგრძელოს მრავალმხრივი დახმარება საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მათ შორის, ლეტალური და არალეტალური იარაღით, რომ დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან და ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის თავის ვერსიას წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს დაუჭირა მხარი 295 ხმით, 125-ის წინააღმდეგ. 4 აგვისტოს კი სენატს გადაუგზავნა. 23 ივლისს 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ აქტის თავის ვერსიას დაუჭირა მხარი სენატმაც, რომელიც რომელიც უფრო მოკლეა და არც ჩანაწერს შეიცავს, რომელშიც დემოკრატიული რეფორმების ანგარიშზეა საუბარი.

თავდაცვის აქტის საბოლოო ვერსიაზე სენატი და წარმომადგენელთა პალატა უნდა შეჯერდეს. ამის შემდეგ აქტს კონგრესის მთელი შემადგენლობით ეყრება კენჭი, ბოლოს კი პრეზიდენტი მოაწერს ხელს.