სახელმწიფო მზადაა, კახეთში დასეტყვილი ყურძენი შეისყიდოს - ღვინის ეროვნული სააგენტო

პუბლიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო მზადაა, რომ სეტყვით დაზიანებული ყურძენი მიიღოს და გადაამუშაოს.

სააგენტოს განცხადებით, სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს და კილოგრამში 0.90 ლარს გადაიხდის.

„ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

2 სექტემბერს კახეთის სოფლების ნაწილი სეტყვისა და ძლიერი ქარისგან დაზარალდა. „ქარბორბალას ტიპის ქარიშხალი იყო თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურებულია იმ მონაკვეთში, სადაც ეს სტიქია მოხდა“, – თქვა „ფორმულასთან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა.