პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის ზრდას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.
კანონპროექტის საფუძველზე დადგინდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები, ეს კი მათი გასამჯრელოს ოდენობის ზრდას გამოიწვევს.
ცვლილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ხოლო პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს არსებული კანონით გათვალისწინებულ უმაღლეს კოეფიციენტს.
ცვლილება შევა ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ცხრილში.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პარლამენტის წევრები (თანამდებობის პირები) მასში აღარ იქნებიან, ვინაიდან მათი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები რეგლამენტში განისაზღვრება.
ასევე, განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონში რჩება ჩანაწერი, რომელიც იქნება ერთგვარად ჩამკეტი ფუნქციის მატარებელი, კერძოდ პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებულ უმაღლეს კოეფიციენტს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დღეს არსებული ანაზღაურების წესის საფუძველზე, არ არის კონკრეტულად განსაზღვრული კოეფიციენტი და ანაზღაურების მოცულობა საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის.
„კანონმდებლობა უფლებას აძლევს თანამდებობის პირებს, რომ თავად განსაზღვრონ მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს.
ზედა ზღვრის განსაზღვრის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული უწყების ხელმძღვანელმა ზედა ზღვრის ფარგლებში თანამშრომელთა სახელფასო კოეფიციენტები განსაზღვროს სამუშაოს აღწერილობიდან და ფუნქციური დატვირთულობიდან გამომდინარე.
ცხრილში წარმოდგენილ პირთა სამუშაო აღწერილობა დამტკიცებულია კანონმდებლობითა და მთავრობის დადგენილებებით, სახელფასო კოეფიციენტის ზედა ზღვრის არსებობაც სრულიად გაუგებარია და აჩენს ვითარებას, სადაც სხვადასხვა უწყების ერთსა და იმავე თანამდებობის პირებს, შესაძლოა, ჰქონდეთ განსხვავებული ფაქტობრივი ანაზღაურება, ხოლო კანონით დადგენილი სახელფასო კოეფიციენტის ზედა ზღვარი – ერთი და იგივე.
საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე კოეფიციენტების ზედა ზღვრების ცვლილება არ მოხდება, კანონით დადგინდება ანაზღაურების დაანგარიშების სისტემა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტების ფიქსირება გამოიწვევს ცხრილში მოცემული თანამდებობის პირებისთვის გასამრჯელოს ოდენობის გაზრდას, აღნიშნული თანხების მიმღები პირები კი გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად.
„შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა გადასვლა „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ დიფერენცირებულ შემდგომ კატეგორიაში (100 000 ლარს ზემოთ), რაც გულისხმობს ქონების გადასახადის გადახდას ამ კატეგორიისათვის დადგენილი კოეფიციენტის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებების ეფექტი საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება 2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ხოლო ქონების გადასახადის შემთხვევაში – 2025 წლის შემდგომ კალენდარულ წელს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.