სახელმწიფო ქონების რა ნაწილი გადაეცა ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას | განკარგულება

პუბლიკა

სახელმწიფო ქონების რა ნაწილი გადაეცა ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია „ენკას” – ამ შეკითხვაზე პასუხი საქართველოს მთავრობის 2019 წლის განკარგულებაშია:

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულებით, კომპანია „ენკას” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება – ნაწილი საკუთრებაში, ნაწილი კი 99-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა.

განკარგულებით ირკვევა, რომ საკუთრებაში კომპანიას 293.7 ჰა 121 ლარად გადასცეს, 99 წლით სარგებლობის უფლებით კი წლიურ 16 ლარად 281.8 ჰა.

კომპანიისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება მოიცავს ცაგერის, წყალტუბოსა და ტრიბულის მუნიციპალიტეტებში როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განკარგულება არც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდ – gov.ge-ზე და არც საკანონმდებლო მაცნეზე (matsne.gov.ge) არ იძებნება. „პუბლიკას” აღნიშნული განკარგულება „მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელმა დათო ჭიპაშვილმა მიაწოდა. დოკუმენტზე დაყრდნობით გთავაზობთ დაჯამებულ მონაცემებს:

ჯამში კომპანიას სხვადასხვა უფლებით გადაეცა 575.6 ჰექტარზე მეტი 1 705 ლარად. კერძოდ: 

საკუთრებაში 

121 ლარად  2 937 648 კვ.მ. ფართობი (აქედან ტყის ფართობი არის 1 535 975 კვ.მ.);

სარგებლობის უფლებით:

წლიურ 16 ლარად, 99 წლით – 2 818 654 კვ.მ. მიწის ფართობი (აქედან ტყე – 445 245 კვ.მ.)

დოკუმენტში საპრივატიზაციო და სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთი პირობად აღნიშნულია, რომ კომპანიამ ჰესის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული საავტომობილო გზის სანაცვლოდ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ახალი მონაკვეთის მშენებლობა.

„არსებული საავტომობილო გზის გადაცემის შემთხვევაში, საავტომობილო გზის დატბორვა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი გზა შევა ექსპლუატაციაში. ასევე აღნიშნული გზის დატბორვის თარიღი შეთანხმდეს საავრომობილო გზების დეპარტამენტთან”, – ვკითხულობთ განკარგულებაში.

„პუბლიკასთან” საუბრისას, დათო ჭიპაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ აღნიშნული განკარგულება გაიცა მანამდე, სანამ ნამახვანჰესის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემოდა [გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა ნიშნავს, რომ სამინისტრო უფლებას აძლევს პროექტის წარმდგენს, განახორციელოს ის]. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 28 თებერვალს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ქვედა ნამახვანის ჰესის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაამტკიცა.

„აქ პრობლემური კიდევ ის არის, რომ ამის გადაცემა მოხდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამდე. 2019 წლის ნოემბერში, რა იცოდა მთავრობამ, იქნებ ვერ იღებდა ამ ნებართვას პროექტი? ეს არის მანკიერი პრაქტიკა, როცა წინასწარ გადასცეს ქონება, ისე, რომ [არ იცოდნენ იღებდა თუ არა კომპანია გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას]”, – ამბობს ჭიპაშვილი.