სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 1 წლის იჯარის და ქირის გადასახადი ეპატიებათ - თურნავა

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე – ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი.

„მთავრობამ იმსჯელა და მხარი დაგვიჭირა. ეს შეეხება პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, გადაცემული აქვთ ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან. საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და კანონში მიიღო შესაბამისი ცვლილებები ქონების შესახებ.

ჩვენ ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ სპეციალური წესი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ასეთ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი. ჯამში საუბარია ქირაზე, იჯარასა და მართვის საზღაურზე, რომელიც აჭარბებს დაახლოებით 5 მილიონ ლარს. ამას ემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა, დაახლოებით 1 მლნ ლარი, რომელიც ასევე ეპატიებათ ამ სუბიექტებს. ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რომლებიც ზოგადად, ქვეყანას, ბიზნესს, ადამიანებს თავს დაატყდათ, რაც აისახა მათ გადახდისუნარიანობაზე “, – განაცხადა თურნავამ.