ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შეიქმნა – ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობის პრესრელიზშია აღნიშნული.
ინფორმაციის მიხედვით, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად 2 მილიარდ ლარია.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით, შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც 2026 წლიდან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
რეფორმის მიზანია სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვის, საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა.
ამასთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, შესყიდვის ახალი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგს.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად შეადგენს 2 მილიარდ ლარს.
უწყება შესყიდვებს განახორციელებს როგორც კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებებით, ასევე დამხმარე საქმიანობის ფარგლებში, ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ცენტრალიზებული შესყიდვა.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებული იყო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომელიც მიღებულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში“, – ნათქვამია პრესრელიზში.