პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისის დატოვებისას განაცხადა.
„სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, აღმასრულებელი სტრუქტურა და სამართალდამცავი ორგანოები მოიქცევიან კანონის შესაბამისად. ნახეთ რომ სამი დღის განმავლობაში იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა მოთხოვნაც ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც ვერ გაახმოვანეს, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ასე შემდეგ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის წევრებსა და აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ პარლამენტის შენობის შესასვლელები. შესასვლელებთან კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალ პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლის საშულებას არ მისცემენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარტიის ოფისთან გადაინაცვლა და პროტესტს იქ აგრძელებენ .