სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას უერთდება.
„ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა – მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთიანობა – თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა.
იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!! კრიზისული ცენტრ(ებ)ის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით (მათ შორის შეხვედრის ჩანიშვნა პანდემიის დროს) დარეკეთ 24 საათის განმავლობაში, ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე – 116 006 (ზარი უფასოა, კონსულტირება შესაძლებელია 8 ენაზე (ქართული ენის ჩათვლით), ანონიმურობა დაცულია)“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, დღეისათვის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე საქართველოს მაშტაბით ფუნქციონირებს 5 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი.
კრიზისულ ცენტრის მომსახურებ(ებ)ი მიეწოდება:
- ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
- სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად).
კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:
- ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;
- სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
- სამართლებრივი დახმარებით;
- საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.
კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:
- დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);
- ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით;
- პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);
- სამართლებრივი დახმარებით (ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე);
- საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.