სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში ორი მცირეწლოვანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უწყება მწუხარებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. მათი ცნობით, 2023 წლის 1 აპრილიდან ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. მათი მტკიცებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში. ოჯახი იღებდა სოციალურ შემწობას და რეინტეგრაციის ანაზღაურებას. უწყება წერს, რომ აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს
„2023 წლის 1 აპრილიდან, ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი, კანონით განსაზღვრულ ვადებში, პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.
ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან, არასრულწლოვანებს დამატებით, დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, ღამით, ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ექიმი მედიასთან აღნიშნავს, მათ თავდაპირველად მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, რაღაც დროის წინ კი, როცა დედას შემოსავალი გაუჩნდა, შვილები დაიბრუნა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.