სახელმწიფოებრივად ეს განცხადება საშიში სირეგვენეა - ნაცვლიშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრემიერ -მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება არის სახელმწიფოებრივად საშიში, სამართლებრივად სიცრუე და პოლიტიკურად თვითლუსტრაცია.

„სამართლებრივი თვალსაზრისით ეს განცხადება არის სრული სიცრუე. კანონში პირიქითაა – სახელმწიფო პასუხისმგებელია ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე, მით უფრო, როცა ადამიანი პატიმარია და სახელმწიფოს სრულ კონტროლქვეშაა.

პოლიტიკური თვალსაზრისით – ესაა სრული თვითლუსტრაცია, რომ მიმდინარე საქმეებს და პროცესს საფუძვლად არა მართლმსაჯულების ინტერესი და სამართლიანობის აღდგენა, არამედ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ველური რევანში უდევს.

სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს განცხადება საშიში სირეგვენეა. ამასთან, რა მოვისმინეთ – პრემიერმა, რომელიც სულ რელიგიის დამცველის როლის მორგებას ცდილობს, პირდაპირ წაახალისა და მოწოდება გააკეთა თვითმკვლელობისკენ – რაც, ყველა რელიგიური დოქტრინით, მიუღებელი ქცევაა“, –  განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ წამყვანის შეკითხვას, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.