სახელმწიფომ რობერტ სტურუას, ლისის ტბის მიმდებარედ, 1 500 კვ.მ. მიწა გადასცა

პუბლიკა

“TV პირველის” ინფორმაციით, სახელმწიფომ 2021 წლის ნოემბერს, რობერტ სტურუას სიმბოლურ ფასად 700 ათასი ლარის ქონება აჩუქა. საუბარია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ თხინვალაში არსებული, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე აშენებულ ნაგებობაზე. ნაკვეთის ჯამური ფართობი 1500.00 კვ.მ.-ია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პრემიერმა 3 ნოემბერს განკარგულება გამოსცა და ქონების მართვის სააგენტოს აღნიშნული მიწის რობერტ სტურუასთვის 1 ლარად მიყიდვა დაავალა.

უძრავი ქონების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 10 ნოემბერს, რობერტ სტურუას აღნიშნული ტერიტორია პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე დაურეგისტრირდა.

ამონაწერში წერია, რომ გამყიდველი სახელმწიფოა.

29 ნოემბერს რობერტ სტურუამ ქონება როინ ნოზაძეზე გააჩუქა, რომელმაც ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2 დეკემბერს მიწა შპს “ჯეო-ოლიმპს” მიჰყიდა. “TV პირველის” ცნობით კომპანიამ ნაკვეთში $221 000 გადაიხადა.