სახელმწიფომ „თელასში“ თავისი აქციები გაყიდა

პუბლიკა

სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის კუთვნილებაში არსებული „თელასის“ აქციები, კერძოდ 24,529% აუქციონაზე გაიყიდა – ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს.

ფონდის ინფორმაციით, საჯარო აუქციონში გამარჯვებულად შპს „ბესტ ენერჯი გრუპი“ დასახელდა, რომელმაც აქციები 10 527 467 აშშ დოლარად შეიძინა. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

საჯარო რეესტრის მიხედვით, „ბესტ ენერჯი გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა, დირექტორი კი თამარ გახარია.

„თელასის“ აქციების დანარჩენ 75.5%-ის მფლობელია სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy, რომლის ერთადერთი აქციონერი არის რუსული კომპანია „ინტერ რაო“.

„აღსანიშნავია, რომ აუქციონში გამარჯვებული აქციებს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას“, – აცხადებს „საპარტნიორო ფონდი“.