გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის კუთხით ქვეყანაში მიღებული არასაკმარისი და, ხშირ შემთხვევაში, ფრაგმენტული ზომების შედეგად, შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ამ სფეროში სისტემური პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს, რომელიც სრულად გამორიცხავს შშმ პირებს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროდან, – „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების თაობაზე შშმ პირთა ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი ჩრდილოვანი ანგარიში მოამზადეს.
მათი თქმით, ხარვეზიანი კანონმდებლობის, კონვენციის იმპლემენტაციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და სისტემური პოლიტიკის არარსებობის პირობებში, გაეროს კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება არსებითად უფრო ეფექტიანი ვერ ხდება.
მათივე თქმით, გაეროს კომიტეტს სახელმწიფო ანგარიში 2016 წელს, ხოლო ზემოაღნიშნული ალტერნატიული ანგარიშები 2017 და 2018 წლებში წარედგინა, დოკუმენტებში აღწერილი გამოწვევებისა და მომზადებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი კვლავ რელევანტურია.
„არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს ერთიანი, სისტემური ხედვა შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, უზრუნველყოს მისაწვდომობა, რომელიც არსებითი წინაპირობაა კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისათვის, სოციალურ მოდელზე დაყრდნობით შეისწავლოს შშმ პირთა რეალური საჭიროებები და მათზე დაფუძნებით განავითაროს საკანონმდებლო ჩარჩო, პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც, თავის მხრივ, კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისი იქნება. უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში უშუალოდ შშმ პირების ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მათი ცნობით, გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი რიგით პირველი ანგარიშის წინასასესიო განხილვა ჩანიშნა. დოკუმენტის პირველადი განხილვა 2020 წლის 30 მარტი – 3 აპრილის შუალედში მოხდება, რომლის შედეგადაც კომიტეტი მას კიდევ ერთხელ – პლენარულ სესიაზე განიხილავს. აღნიშნული პროცედურების შედეგად, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშებისა და ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტი შეიმუშავებს საქართველოს მიმართ დასკვნით რეკომენდაციებს.
ჩრდილოვანი ანგარიშების წარმდგენი ორგანიზაციები არიან:
- ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE);
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- ააიპ „მარიანი“;
- ააიპ „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“;
- ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (GIP – Tbilisi);
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი;
- ააიპ „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი“;
- ააიპ „ყველა ყველასთვის“;
- ააიპ „საქართველოს პორტიჯის ასოციაცია“;
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია (GAMH);
- კავშირი „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის“ (PER);
- „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ (FAD);
- კავშირი „ჩვენი ბავშვები“;
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO);
- საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი (ICDD).