სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მათი გადმოსვენებისთვის - პრემიერი დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ომში დაღუპულ ქართველ მოხალისე მებრძოლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ისინი იბრძოდნენ, ჩემი ინფორმაციით, ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე, აგვისტოს ომში. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში, დაბრუნება და, რა თქმა უნდა, მათ ოჯახებს ვუცხადებ სამძიმარს.

მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მიმართვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მინდა, ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან ძვირფასი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია  კიდევ ერთხელ, როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ, ქართველმა ხალხმა, ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ, უპრეცენდენტო იყო მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭირო არის რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა“, – განაცხადა პრემიერმა.

საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების ქალაქ ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მოითხოვს გარკვეულ დროს, ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.