„სახელმწიფოს ბიუჯეტს მოტყუებით მიაყენეს 3 926 261 ლარის ზიანი“ - დაკავებულია 8 პირი

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.

ასევე, დასახელებული კომპანიების მეშვეობით, 2021–2024 წლებში, სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემგომ რეალიზაცია.

„ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3 926 261 ლარის ზიანი მიაყენეს“, – აცხადებს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.