სახელმწიფოს ერთდროულად შეუძლია, დაახლოებით, 100 000 ადამიანის მოსმენა - გოგაშვილი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს.

პოსტში გოგაშვილი სუსის მიერ უკანონო მოსმენების სისტემას აღწერს.

ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ „ქართული ოცნების“ დროს მოსმენების მასშტაბი გაიზარდა და უკანონო მოსმენაში, დაახლოებით, 2 000 ოპერატიული მუშაკია ჩართული. ისმინება GSM(გლობალური სისტემის მობილური კომუნიკაციების ქსელები), ასევე, ვირუსების საშუალებით, აპლიკაციები, კომპიუტერები. გოგაშვილი წერს, რომ შესაძლებელია, ოფისების აღჭურვაც.

„კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, NGO-ების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიებისა და ა.შ“, – წერს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილის მტკიცებით, მოსმენის შედეგები ყოველდღიურად მიეწოდება „ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, ასევე ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრს.

გოგაშვილი ასევე წერს, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ განყოფილებას ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თუმცა ეს შემოწმება სუს-ის ხელმძღვანელობასთან წინასწარაა შეთანხმებული და ამ დროს მოსმენები ჩერდება.

გთავაზობთ გოგაშვილის პოსტს:

„უკანონო მოსმენები რომ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე ყველამ იცის. ამ მძიმე უფლების დარღვევას, სამწუხაროდ, საზოგადოება მიეჩვია და ყურადღებას აღარ აქცევს სათანადოდ.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა „ნაცების“ პერიოდს.

ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ. მრწამსისა. ისმინება არამხოლოდ ე.წ. მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ყველა ერიდება ტელეფონში რამე მნიშვნელოვანის თქმას, თუმცა თუ ობიექტი მის ახლობელს ეტყვის რამეს საიდუმლოდ, ამ უკანასკნელმა შეიძლება ვინმეს ტელეფონით გაუმხილოს, რაც ოტოს (ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება) აძლევს საშუალებას, გაიგოს, რას ფიქრობს მთავარი ობიექტი.

ივანიშვილი მოსმენებისათვის იყენებს არამარტო სუს-ს, არამედ შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას.

საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია, დაახლოებით, 100 000 ადამიანის მოსმენა.

ოტოს ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თუმცა ეს ფიქციურია. ინსპექტორი წინასწარ უკავშირდება სუს-ის უფროსს და აფრთხილებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. სუს-ის უფროსი თავის მხრივ აფრთხილებს ოტოს უფროსს და გეგმური შემოწმების დროს უკანონო მოსმენები ჩერდება. ამ პერიოდში უსმენენ მხოლოდ განჩინებით ,,შემოწმება’’ გრძელდება დაახლოებით ორი კვირა.

გარდა ჯი ეს ემ (GSM) ქსელების მოსმენისა, ოტო უკანონოდ უსმენს ვირუსების საშუალებით სხვადასხვა აპლიკაცას, კომპიუტერს, ლეპტოპს. ასევე, შეიძლება ოფისების უკანონო აღჭურვა. კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, NGO-ების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ.

ე.წ ,,VIP პერსონების’’ საუბრებს ოტო უგროვებს ივანიშვილს და ყოველდღიურად აწვდის მას.

ჩემ პერიოდში ოტოდან ბექა მამარდაშვილი მე მიგზავნიდა ამ კრებსებს, რომელსაც ვამუშავებინებდი სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს ვატანდი ჩემს თანამშრომლებს ივანიშვილთან, კობახიძესთან პარტიაში და პრემიერ-მინისტრთან. რა თქმა უნდა, გომელაური იღებდა სრულ პატაკს. ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუს-სა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა.

ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა, პრემიერიდან დაწყებული რიგითი „ოტოშნიკით“ დამთავრებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არიან ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებენ“, – წერს იოსებ გოგაშვილი.