სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი - ომბუდსმენი ვახო სანაიას საქმეზე

პუბლიკა

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, უკიდურესად შემაშფოთებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა.

როგორც ომბუდსმენი წერს, ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი.

„ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას, ისე პირის დევნას მისი სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ან პროფესიული მოღვაწეობის მიზეზით. პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა მისი შეხედულების გამო, დანაშაულის ზოგადი დამამძიმებელი გარემოებაა”, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება, იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა.


ვახო სანაიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის თანმხლებ პირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.