„ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„უნდა ითქვას პირდაპირ და ალბათ მთავრობის ბრალიც არის, არასათანადო კომუნიკაციის და კომუნიკაციის ნაკლებობა, თუ ნაკლები ძალისხმევა მოხდა იმ დროს მთავრობის, ორი წლის წინ, როდესაც ამ პროექტზე დაიწყო მუშაობა – ნამახვანზე. ალბათ მოსახლეობას ვერ აუხსნეს და შეიძლება, პირობებიც იყო ისეთი, რომელიც მიუღებელი იყო, სუფთა ემოციურ დონეზე, ნებისმიერი ქართველისთვის. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მოგეხსენებათ, „ენკამ“ განაცხადა, რომ გადის პროექტიდან და შეიძლება, სახელმწიფოს ელაპარაკება და ჩემი განცხადება არ მინდა, რომ გამოყენებულ იქნას ჩვენ წინააღმდეგ…
თუ ამა თუ იმ პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმ რეგიონისთვის, იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს იმ რეგიონში, უნდა გავაკეთოთ. მათ შორის, ღიად ვთქვი და დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება, რომ, რა თქმა უნდა, მე მაგალითად, არ მოვერიდებოდი სახელმწიფო ინვესტიციებს, სახელმწიფოს ჩარევას პირდაპირი ინვესტიციებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დიდი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის ენგური. დღეს თუ ვინმეს წარმოუდგენია, ენგური რომ არ არსებობდეს ჩვენს რეალობაში, რა პირობებში ვიქნებოდით. მეც, როგორც რიგით მოქალაქეს, იგივე განცდა მქონდა. შეიძლება, ეს ემოციაა უფრო მეტად და გაუცნობიერებელია, მაგრამ რატომაც არა, სახელმწიფოს შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს, ამის გამოცდილება არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.