„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობით, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო დაწესებულებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ღ–სთვის სერვისის მიწოდებაზე უარის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება, 12 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ორგანიზაციის ცნობით, ლ.ღ-ს სჭირდებოდა პერსონალური ასისტენტის მომსახურება, მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ინფორმირებული იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქცევის სირთულისა და პერსონალური ასისტენტის გადაუდებლად დანიშვნის საჭიროების შესახებ. სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარის გამო ლ.ღ-ს თვეების გატარება უწევდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც ის ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ლ.ღ. ქცევის სირთულის გამო, ასევე, ვერ იღებდა განათლებას და ვერც სახელმწიფოში არსებული სხვა სერვისებით სარგებლობდა.
„ლ.ღ. არ საჭიროებდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობას. მისი ფსიქიატრიულში მოთავსება გამოწვეული იყო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მის საჭიროებაზე მორგებული სერვისი. სახელმწიფო ორგანოების მიმართ ლ.ღ-ს არაერთი მოთხოვნა პერსონალური ასისტენტის სერვისის შექმნის თაობაზე უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბინაზე მოვლის ქვე-პროგრამაში პერსონალური ასისტენტის პროგრამის შექმნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 28 სექტემბერს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ დაავალა აღნიშნული პროგრამის შექმნა და ლ.ღ-ს საჭიროებების დაკმაყოფილება. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებული გახდა ლ.ღ–სთვის დღე-ღამეში 12 საათის განმავლობაში გაეწია ასისტენტების მომსახურება.
დღეს კი, ოთხწლიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის ძირითადი მოთხოვნა და სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის არ არსებობა და შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარი, შეაფასა როგორც სახელმწიფოს უმოქმედობა, რამაც გამოიწვია ლ.ღ-ს უფლებების დარღვევა წლების განმავლობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უმოქმედობის გამო დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით“, – ამბობს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სხვა მსგავს შემთხვევებში აღარ ექნება საშუალება ფინანსების არარსებობით გაამართლოს ბავშვებისთვის ისეთი სერვისების შექმნაზე უარი, რაც შედეგად ბავშვების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.