სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ „რევოლუციურ სცენარზე” საუბრობს და ამტკიცებს, რომ „პირთა გარკვეული ჯგუფები” ცდილობენ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ „პროვოკაციები”, რაც მათი განცხადებით, მიზნად ისახავს „დესტრუქციული და ძალადობრივი“ სცენარების განვითარებას.
სუსის მტკიცებით, ეს ყველაფერი იმართება „უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით”, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.
უწყების ვრცელ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ „დანაშაულებრივ გეგმებში” ჩართული არიან ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი.
სუსი საუბრობს მიმდინარე აქციებზე და აცხადებს იმასაც, რომ გეგმის თანახმად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის „რადიკალი“ ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას.
„მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.