სახეზე გვაქვს ანგარიშსწორება ოჯახის მიმართ. ბადრი ესებუას ძმა ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

პუბლიკა

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სახეზე გვაქვს ანგარიშსწორება ოჯახის მიმართ.

„ამ ვერსიის აბსურდულობა ისედაც ჩანს, რომ აქ ფაქტობრივად სახეზე გვაქვს ანგარიშსწორება ოჯახის მიმართ – მოხდა პირის დაკავება, რომ აიძულონ ბადრი ესებუა მისი ოჯახის წევრების დაკავების შემთხვევაში, გამოვიდეს და ჩაბარდეს პოლიციას“, ამბობს ადვოკატი.

იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ბიძინა ესებუა ამბობს, რომ 2 დღის განმავლობაში ეყენა მანქანა სამსახურთან, რომლის საბარგულიც არ იკეტებოდა და სწორედ მაშინ ჩაუდეს საბარგულში პროდუქტები და საბრძოლო მასალა.

„წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია პოლიცია, რომელიც უთვალთვალებს პირს, რომელმაც სამართალდამცველები უნდა მიიყვანოს ბადრი ესებუამდე და ამ დროს ისე, რომ საგამოძიებო მოქმედება არ სრულდება, აკავებენ პირს და ამოაქვთ ეს ნივთები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიციის ვერსიის აბსურდულობას. თუ მათ ლოგიკას გავყვებით, ბადრი ესებუამდე მისასვლელი ერთადერთი ჯაჭვიც კი დაკარგეს“, – აღნიშნავს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალი ბიძინა ესებუას ოფიციალურად შესაძლოა, დღის ბოლოს ან ხვალ დილით წარუდგინონ.


ბიძინა ესებუა შსს-მ 12 დეკემბერს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით.

უწყების განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას კავშირი ჰქონდა თავის ძმასთან, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაშია ბრალდებული. სწორედ ამ მიზეზით, შსს ბიძინა ესებუას უთვალთვალებდა.