თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ სასამართლოში მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმაურება. კეზერაშვილი წერს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მისი გამტყუნება და სამოქალაქო სარჩელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთაა და მიზნას ისახავს ტელეკომპანია „ფორმულას“ დახურვას.
„ჯიბის მოსამართლეებმა მყისიერად შეასრულეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ნება და ამით გზა გაუხსნეს მთავარ კომპონენტს მთელი ჩანაფიქრისა!
დღეს უკვე ივანიშვილის ხელისუფლებამ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ჩემ წინააღმდეგ და ვიცით, რომ აპირებენ TV „ფორმულაში“ ჩემი წილის დაყადაღებას! რა ინფორმაციაც გვაქვს – სახეზეა TV „ფორმულას“ დახურვის განზრახვა!
მთელი ჩანაფიქრი ნათელია – არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე „სამართლებრივი“ შტურმის!
დამოუკიდებელი მედიის სადისკრედიტაციო კამპანიასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაემატება ივანიშვილის მცდელობა, ფიზიკურად დაადუმოს „ფორმულაც“ და სხვა მედიებიც!“- წერს კეზერაშვილი.
დავით კეზერაშვილი თავის განცხადებაში ვარაუდობს, რომ ხელისუფლება „ფორმულას“ წინააღმდეგ არჩევნების წინ გააქტიურდა ტელეკომპანიისა და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის გამო, რადგან არჩევნების შემდეგ „ფორმულაზე“ „მაღალი სანდოობის ეგზიტპოლების გამოქვეყნება იგეგმება“. თუმცა, მისი თქმით, შეუძლებელია თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის ჩახშობა.
„ამას არ დაუშვებს ჩვენი ხალხი, თავისუფალი ჟურნალისტები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ასე რომ ივანიშვილის მორიგი ავანტიურა მხოლოდ დამატებით ნიშანს გვაძლევს, რომ სწორ გზაზე ვართ და თავისუფალი სიტყვის დაცვასა და მხარდაჭერას ალტერნატივა არ აქვს!
ვერანაირი ჯიბის სასამართლოები ვერ ამიკრძალავს ასობით თავისუფალი ჟურნალისტისა და ნიჭიერი, კრეატიული ადამიანების მხარდაჭერას! ყველა “სამართლებრივი” გზა განწირულია!
დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა! თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით!“, – წერს კეზერაშვილი.
დავით კეზერაშვილის საქმე
7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 30 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სასამართლოში შეაქვს სარჩელი თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 060 000 ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.
წაგებული საქმე პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როდესაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.
პროკურატურის მტკიცებით:
„2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის – მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებელი ვალდებულება – სამხედრო წვრთნების ჩატარება – საერთოდ არ განხორციელებულა“.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დავით კეზერაშვილიც. ის აღნიშნავს, რომ „ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა“.
„უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს – მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს.
ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი – ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე ან ჩემ მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში“, – წერს დავით კეზერაშვილი.