სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის შეფასებით შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ჩარევაა, რადგან ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, კარვების გამოყენებით.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.

ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რაც სახალხო დამცველის აზრით, არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად.

სახალხო დამცველის განცხადებით, მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მითუმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ომბუდსმენმა.


პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება.

ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 23. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.

„ქართული ოცნების” კანონპროექტით: 

  • მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი;
  • შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ:
  • საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.