სახლებში სიარული უკვე დაწყებულია, ეს იქნება უკონტროლო სიტუაცია – სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი

პუბლიკა

სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამუნა შარაშენიძე ამბობს, რომ სილამაზის სალონების მუშაობასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ის, რომ სტილისტებმა სახლებში გაუწიონ მომსახურება მსურველებს, რისი გაკონტროლებაც რთული იქნება.

„წარმოუდგენელია, რომ სხვადასხვა ფართობის სალონებში ერთი და იმავე რაოდენობის ადამიანები მუშაობდნენ. ეს გამოიწვევს სახლებში სიარულს, რაც უკვე დაწყებულია, სამწუხაროდ, და ამას გვერდს ვერ ავუვლით ჩვენ და ეს იქნება უკონტროლო სიტუაცია, რომლის გაკონტროლებაც წარმოუდგენელია მთავრობის მხრიდან და ეს უფრო მეტად გამოიწვევს ინფექციის გავრცელებას და არა მხოლოდ კოვიდინფექციის, მაგალითად, მანიკურული მომსახურების მხრიდან, როგორიც არის ჰეპატიტები და ა.შ.“, – უთხრა „პირველ არხს“ თამუნა შარაშენიძემ.

რა წესებით იმუშავებენ სილამაზის სალონები გახსნის შემდეგ – ინსტრუქცია

საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნას ეხება, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების ამუშავება მეოთხე ეტაპზე უნდა მოხდეს, რისი სავარაუდო თარიღი კი 8 ივნისიდან იწყება. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების შემოწმება კი უკვე იწყება. იმისთვის, რომ მათ საქმიანობის უფლება მიეცეთ, უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  შემუშავებულ რეკომენდაციებს.

„მოსალოდნელია ფასების გაზრდა, არა მხოლოდ ქირის გადასახადის გამო, არამედ კიდევ იმიტომ, რომ რეგულაციებმა გამოიწვია სალონებისთვის დანახარჯის გაზრდა. შესაბამისად, აუცილებლად გაძვირდება მომსახურებაც“, – აცხადებს შარაშენიძე.

„მომსახურება აუცილებლად გაძვირდება” – სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი