„სახლი ყველას“ – მერიასთან აფრიკის დასახლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„სახლი ყველას“ – თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლების მახარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ: შეწყდეს ხალხის სახლების ნგრევა; დანგრევის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები უზრუნველყონ ადეკვატური ალტერნატიული საცხოვრისით; გაიყვანონ გზა, წყალი და ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნიკაციები იქ მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. 

„სახელმწიფო პოლიციური ძალის გამოყენებით და მძიმე ტექნიკით სახლებს უნგრევს და პანდემიის პირობებში ზამთარში უსახლკარობისთვის იმეტებს ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს. იგივე სახელმწიფო უფასოდ ან 1 ლარად ჩუქნის ჰექტრობით მიწებს საკუთარ კარის ბიზნესმენებს. უსახლკარობის პრობლემაზე მისი ერთადერთი პასუხი – ძალადობაა. თბილისის მერია ამბობს, რომ ხალხმა მიწა უკანანონოდ მიიტაცა, მაგრამ არაფერს ამბობს ამ “მიტაცების” ნამდვილ მიზეზებზე – საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობაზე და მოსახლეობის გაღატაკებაზე. ამ ხალხის იქ დასახლების მიზეზი ის სოციალური და ეკონომიკური სისტემაა, რომელიც უმცირესობას უმრავლესობის ხარჯზე ამდიდრებს, და ხალხს ტოვებს ბანკების, კაზინოების, ფარმაცევტული მაფიისა და სხვა პარაზიტული ინსტიტუტების პირისპირ. სახელმწიფო ბულდოზერით უტევს საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეს ტერიტორია მათგან გაწმინდოს და ბიზნესს მიართვას“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

  • 131902075-215961653485973-4503826871240911311-n

  • 131890078-3649981528411654-2493409853459664005-n

  • 131889853-210257883924351-1516638852784102165-n

  • 131775178-2856246987946327-3722949268023546280-n

  • 131707907-889183365221448-99149147374689762-n








  • 01
    /




„რაც მოხდა ეს არის ნათელი გამოვლინება, ზოგადად, იმ პოლიტიკის, რაც ქვეყანაში მთელი ეს პერიოდია მიმდინარეობს. ეს არის ადამიანების ჩაგვრა ძლიერი მხარის მხრიდან, რომელიც ვერ უბედავს ვერაფერს, მაგალითად, ბიზნესს; ვერ უბედავს ვერაფერს, ვინც მართლა წაართვა ქონება, მიდიან და არაადეკვატური გზებით ცდილობენ ქვეყანაში წესრიგის დამყარებას. ჩემი აზრით, ნებისმიერი გზა უნდა გამოეყენებინა ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში მერიას, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე. ასეთი სოციალური მდგომარეობის ხალხისთვის თავზე არ დაენგრიათ სახლები…

ჩვენ, საზოგადოებამ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. კი გვიმტკიცებს ქალაქის მერია, რომ თურმე თბილისი არის სოლიდარობით სავსე ქალაქი, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი სახელმწიფო როგორც შედგება, ეს არის ყველაფერი, გარდა სოლიდარობისა. ეს არის მთელი სისტემის ძალადობა მოსახლეობის უმრავლესობაზე, ყველაზე ღარიბ ადამიანებზე”, – უთხრა „პუბლიკას“ პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელმა გიგა ბექაურმა აფრიკის დასახლებაში გუშინ განვითრებულ მოვლენებზე.

აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება გუშინ დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.

გუშინ ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე სულ 13 პირი დააკავეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს 12 მათგანის მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები პოლიციამ გუშინვე გაათავისუფლა.