„ადამიანის უფლებათა ცენტრის” ცნობით, TV-პირველის ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის სამ ეპიზოდზე პროკურატურამ ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო.
ორგანიზაციის განცხადებით, 24 მარტს ოზურგეთში TV პირველის რეგიონული კორესპონდენტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. მათი ცნობით, მსგავსი ინციდენტი 2023 წელს 3-ჯერ მოხდა და მას ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს, ასევე, დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.
2024 წლის 29 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრმა წერილობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას ნატო გოგელიას გამოკითხვისა და მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით.
„2024 წლის 8 აპრილს ჟურნალისტი დამატებით გამოიკითხა ოზურგეთის პოლიციის დეპარტამენტში და დაზარალებულად იქნა ცნობილი მის მიმართ განხორციელებულ ქურდობის სამ ეპიზოდში. ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე ითხოვს მედიის წარმომადგენლის დაზარალებულად ცნობას მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის მეოთხე ეპიზოდზეც, რომელიც 2023 წლის 27 თებერვალს მოხდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.