საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად | საია

პუბლიკა

საიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა.

„რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ, რომელთა შორისაა არასაკმარისად სამართლიანი საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და დავების განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებები, წინასაარჩევნოდ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლა, კენჭისყრის დღეს უბანზე არსებული პროცედურული ხარვეზები, შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, ასევე, პოლიტიზებული და ძალადობრივი გარემო, ეს არჩევნები ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ყველაზე ცუდად ორგანიზებულ არჩევნებად აქცია. ამან კი ხელი შეუწყო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ინიცირებული მედიაციის პროცესის შედეგად გახდა შესაძლებელი“, – წერს საია.

საიამ, მიგნებებზე დაყრდნობით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი 2021 წლის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დამტკიცდა. თუმცა, საიას შეფასებით კვლავ რჩება საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც, ეფექტურ აღსრულებასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. კერძოდ:

1. ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე (ბუნებრივი ბარიერი), როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე;

2. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის სრულად პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსზე დაფუძნებული წესით; აგრეთვე, აუცილებელია საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე რეგულაციების დახვეწა და გაუმჯობესება;

3. არჩევნების წინა დღე „სიჩუმის დღედ“ უნდა გამოცხადდეს; ამასთან, საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნა აიკრძალოს;

4. უნდა დადგინდეს მკაფიო რეგულირება, რომელიც შესაბამის პირებს ონლაინ აგიტაციას აუკრძალავს;

5. საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისას პარტიულ სიაში საარჩევნო სუბიექტებისთვის 50%-იანი განსხვავებული სქესის წარმომადგენლობის ვალდებულება უნდა დადგინდეს;

6. შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის შემთხვევაში საუბნო კომისიას უნდა დაეკისროს ვალდებულება გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.