საქართველს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უარს აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევაზე.
რუსლან სტეფანჩუკმა ბუჩაში მიიწვია მსოფლიოს სხდავასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმდჯომარეები, მათ შორის პაპუაშვილიც.
პაპუაშვილი საყვედურს უცხადებს უკრაინელ კოლეგას. გთავაზობთ მის განცხადებას სრულად.
„როგორც სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებმა, დღეს მეც მივიღე რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდე უკრაინაში და საკუთარი თვალით დავრწმუნდე რუსეთის აგრესიის სისასტიკეში.
შეუძლებელია, სიტყვით აღწერო ის გრძნობა, რაც ადამიანს ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკის ნახვისას გეუფლება.
სამწუხაროდ, ეს გრძნობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს უახლესი ისტორია ჩვენ სწორედ ამ გრძნობით დავდივართ. ხვალაც, 9 აპრილს, სწორედ ეს გრძნობა შეგვახსენებს თავს. და ჩვენ ვიცით, რომ ეს გრძნობა გაზიარებას და მართლმსაჯულებას ითხოვს.
სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ დაეწყო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება, რათა დადგინდეს და დაისაჯოს ყველა დამნაშავე.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას რუსული აგრესიის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ შეიძლება არ გვაქვს ფართო რესურსები და შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთივე ერთი ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიც მეტი რესურსების მქონე ქვეყნებს და ჩვენ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინული სახელმწიფოს მხარდასაჭერად.
რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს.
ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო.
ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ.
შევასრულებთ ისე, როგორც ამას ქართველი და უკრაინელი ხალხების ძმობა იმსახურებს”. – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.