საკითხის დისკრედიტაციას ახდენთ და ცდილობთ, ქსენოფობიად წარმოაჩინოთ ეს კითხვები - გოლეთიანი

პუბლიკა

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელზეც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მინისტრებს მიმართა.

„დაახლოებით, 15 000 ადამიანი შეიკრიბა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე. ვწუხვართ ყველა, ახლა მე ყველას სახელით ვლაპარაკობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ რისკსა და საფრთხეს, რომელიც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ხეობის გადაცემამ გამოიწვიოს ქვეყნისთვის.

ეს არ გახლავთ, მეგობრებო, ერთი საკარმიდამო ნაკვეთი, რომელსაც, დავუშვათ, იყიდის უცხოელი და დასახლდება იქ. ეს გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიული არეალი, დიდი ტერიტორია. შეიძლება ბევრი ნამყოფი არ არის და ვერ აცნობიერებს, რაზეა საუბარი, მაგრამ ეს გახლავთ ქუთაისი-ალპანის 50-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გადადის უცხოელი ინვესტორის ხელში.

როცა თქვენ ამასთან დაკავშირებულ კითხვებზე, რაც მოსახლეობაში ჩნდება, პირდაპირ საკითხის დისკრედიტაციას ეწევით და ცდილობთ, ქსენოფობიად წარმოაჩინოთ ეს კითხვები, ეს არის თქვენი პრობლემა. ეს ხალხი აბსოლუტურად გამართულ კითხვებს სვამს და აქ არავის შეურაცხყოფაზე საუბარი არაა. ჩვენი დამოკიდებულება ყველამ კარგად ნახა, როდესაც ბატონი ზეკი, კომპანიის დირექტორი მოვიდა და შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციით გამოირჩეოდა. პირადად მე მომაყენა შეურაცხყოფა. არავის იქ ადეკვატური რეაქცია ამასთან დაკავშირებით არ ჰქონია.

აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს და უნდა ხედავდეთ, თუ დანახვა გინდათ, არავის ის მიზანდასახულება არ აქვს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებს რამე სახის შეურაცხყოფა მიაყენოს.

ჩვენ გვაქვს პრეტენზია თქვენთან, როგორც ჩვენს ხელისუფლებასთან. მიგვაჩნია ჩვენ, ათასობით ადამიანს, რომ ხეობის გადაცემა არის პრობლემა და ის ბევრი ასპექტით იქნება გამოხატული გრძელვადიან პერსპექტივაში.

ხშირად ეშინიათ ხოლმე ამ საკითხების დაყენება, მაგრამ არსებობს კითხვები და ნუ გავაჩენთ ამ უფსკრულს მოსახლეობასა და თქვენ შორის. ახლა რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ყველანი ერთად, ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლებაც ერთ ხაზზე დალაგდით და ჩვენ, მოსახლეობა მეორე მხარესა ვართ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა და რაღაცნაირად ცდილობთ, რომ ჩვენი მარგინალიზება, ძირითადი ნაწილის, დიდი ნაწილის მოახდინოთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამის საშუალებას, ვფიქრობ, რომ არ მოგცემთ თქვენ არავინ. უმრავლესობის აზრი, არგუმენტებზე დაფუძნებული აზრი, არის უპირატესი.

ჩვენი ხალხი  ფიქრობს, რომ ხეობის გადაცემა ბევრი მიმართულებით პრობლემურია, რაც არის წითელი ხაზი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიკვეთება თქვენი მხრიდან“, – განაცხადა გოლეთიანმა.


პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნათია თურნავა რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა. მან ნამახვანჰესის კრიტიკის ერთ-ერთ მიზეზად  დაასახელა „ჰომოფობიური და ქსენოფობიური [განწყობები] უცხოური ინვესტორის მიმართ“.