საკმარისად ბევრი ზომა გვაქვს უკვე გამოყენებული, საყოველთაო კარანტინი რთულად დასაბუთებადია - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ტელეკომპანია პირველთან” ინტერვიუში საყოველთაო კარანტინის შესახებ ისაუბრა.

მისი განმარტებით, კარანტინის დაწესების მთავარი მიზანი სოციალური დისტანცირების მიღწევაა, ამას კი საქართველო უკვე დიდი ხანია, საყოველთაო კარანტინის გარეშე აკეთებს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგია მიღწეული.

„ჩვენ საკმარისად ბევრი და მნიშვნელოვანი ზომა გვაქვს სოციალური დისტანცირების გამოყენებული, დაწყებული სკოლებში სწავლის პროცესის გადადებით, დამთავრებული საკარანტინო სივრცეებში მოგზაურების მოთავსებით, ასევე მარნეულისა და ბოლნისის კარანტინად გამოცხადებით, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო ლოკალურად ვმართოთ საფრთხეები. შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავაც რჩება შემოტანილი და კლასტერები გვაქვს გარკვეული, კონტაქტების კონტროლიც ეფექტიანად ხორციელდება. საყოველთაო კარანტინის დატვირთვა რთულად დასაბუთებადია. სიტუაცია იცვლება და შეიძლება დავუბრუნდეთ ამ თემას, მაგრამ ლოკალური კარანტინები ეფექტიანად მუშაობს”, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სხვა ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, რომ საყოველთაო კარანტინის დროს მოქალაქეების საცხოვრებელი სახლიდან გასვლა მკაცრად კონტროლდება, შესაბამისად, უსაფრთხოების ეს ზომა შეზღუდავს ნებისმიერი სახის თავშეყრას, მათ შორის, დღემდე დაშვებულ 10-კაციან თავყრილობასაც.