გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 18 სააგენტო და ჰუმანიტარული დახმარების უმსხვილესი ორგანიზაცია საერთო განცხადებას აქვეყნებს და „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს” ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე.
„უკვე 30 დღეა. საკმარისია. ეს ახლავე უნდა შეჩერდეს”. – წერია განცხადებაში, რომლის ხელმომწერთა შორის არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, UNICEF, CARE, Save the Children, საკვების მსოფლიო პროგრამა და გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისი.
ხელმომწერებმა „შემზარავი” უწოდეს ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელზე, რომელსაც 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით ადამიანი დევნილად იქცა. ამასთან, განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში მოქალაქეების დახოცვა „აღმაშფოთებელია”.
პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმებს 9 700-ზე მეტი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა. უწყება მონაცემებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ადგენს.
„მთელი მოსახლეობა ალყაშია და თავდასხმის ქვეშაა. მათთვის არ არის ხელმისაწვდომი გადარჩენისთვის აუცილებელი ნივთები, დაბომბეს სახლებში, თავშესაფრებში, საავადმყოფოებსა და რელოგიურ ადგილებში. ეს მიუღებელია“. – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერებმა ასევე მიუთითეს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა UNRWA-ის 88 თანამშრომელი. „ეს რეკორდული რიცხვია”.
პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბლინკენი შეხვედრაზე „ხაზს გაუსვამს ისრაელსა და ღაზას სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობას“, ამასთან, „აცხადებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მდგრად მიწოდებას“.
არ არის დაგეგმილი ენტონი ბლინკენის შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომელმაც ღაზაში ისრაელის ქმედებებს უწოდა „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული”. ერდოღანისვე განცხადებით, შეწყვეტს კონტაქტს ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
თურქეთი ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის რამდენიმე წევრსაც მასპინძლობს. გავრცელებული ცნობით, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეუძლებელია, ვითარება 7 ოქტომბრამდე არსებულ სტატუს კვოს დაუბრუნდეს.
ენტონი ბლინკენის თურქეთში ვიზიტის პარალელურად, ღაზის სექტორში კომუნიკაციის ყველა წყარო გათიშულია.
სატელეკომუნიკაციო კომპანია Paltel-ის განცხადებით, მისი სერვისები ისრაელმა სრულად გაწყვიტა.
რაც შეეხედბა მოვლენათა უახლეს განვითარებას:
ისრაელის შეტევა:
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ახორციელებენ მნიშვნელოვან დარტყმებს ღაზის სექტორზე კვირა საღამოდან, პარალელურად, მისმა ძალებმა მიაღწიეს ანკლავის სანაპიროს. IDF-ის სპიკერის განცხადებით, ისრაელის შეტევა მასშტაბური იყო, მიზანში ამოღებული ჰქონდა ჰამასის ინფრასტრუქტურა როგორც მიწის ზედაპირზე, ისე – გვირაბებში. მანამდე IDF-მა განაცხადა, რომ მისმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს ღაზის სანაპიროს ჰამასის ძალების ალყაში მოქცევისა და სამიზნეებზე დარტყმის მცდელობის ფარგლებში.
პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ისრაელის ავიაიერიშებს 9700 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 4 800 ბავშვია.
ისრაელი კვლავ მოუწოდებს ღაზის ჩრდილოეთშ მყოფებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ. 1,1 მილიონიდან 800 ათასი სამხრეთით უკვე გადავიდა. თუმცა, ჰუმანიტარული კრიზისი მწვავეა. ღაზის სექტორი ისრაელს ბლოკადაში ჰყავს მოქცეული. არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგების დეფიციტი.
UNRWA: ღაზის ბლოკადა კოლექტიური სასჯელია, ვერ შეფასდება, როგორც „გარკვეული ზიანი”
გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელის, ფილიპე ლაცარინის განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში დაღუპულთა თითქმის 70% ბავშვები და ქალები არიან. ლაცარინიმ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ მხოლოდ ბოლო 3 კვირაში ღაზის სექტორში მოკლულია 3 200-მდე ბავშვი – ეს ბევრად მეტია, ვიდრე ანკლავში დაღუპული ბავშვების ჯამური რაოდენობა 2019 წლიდან.
„ეს არ შეიძლება შეფასდეს, როგორც „გარკვეული ზიანი”. არ დაზოგეს ეკლესიები, მეჩეთები, საავადმყოფოები და UNRWA-ს დაწესებულებები, მათ შორის დევნილთა თავშესაფარი. ძალიან ბევრი ადამიანი არის მოკლული და დაშავებული იმ დროს, როცა ისინი ეძებდნენ უსაფრთხო თავშესაფარს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დაცულ ადგილებში. ეს ზომა – ღაზის ამჟამინდელი ბლოკადა, კოლექტიური სასჯელია”. – აცხადებს ფილიპე ლაცარინი.
მისივე შეაფასებით, 2-კვირიანი სრული ალყა, რასაც გასულ კვირას მცირეოდენი დახმარება მოჰყვა, ნიშნავს, რომ:
- ძირითადი სერვისები ინგრევა.
- წამალი იწურება.
- საკვები და წყალი იწურება.
- საწვავი იწურება.
ღაზის ქუჩებში კანალიზაცია მიედინება, რაც ძალიან მალე ჯანდაცვის ძალიან დიდ საფრთხეს შექმნის.
ლაცარინსვე თქმით, ბლოკადა ნიშნავს, რომ ღაზელები ვერ უკავშირდებიან საყვარელ ადამიანებს, არ იციან, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. ასევე, კომუნიკაციის არარსებობამ გამოიწვია სამოქალაქო წესრიგის რღვევა.
მან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრებს მხარდაჭერა სთხოვა.
„ბოლო 3 კვირაში 64 კოლეგა დავკარგე. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა – სამირი, რეგიონში უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ცოლთან და 8 შვილთან ერთად მოკლეს. ეს გაეროს მოკლული თანამშრომლების ყველაზე დიდი რაოდენობაა კონფლიქტში ასეთ მცირე დროში.
ღაზაში ჩვენი 13 000 კოლეგა პალესტინელი ლტოლვილების თემიდანაა. ისინი ახლა ცხოვრობენ, მუშაობენ, სძინავთ UNRWA-ს თავშესაფარში.
თუმცა, მალე ამოიწურება საწვავის, წყლის, საკვების და წამლების მარაგი და ჩვენ ვერ შევძლებთ მუშაობას.
ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა – რაფაჰის გზით შესული რამდენიმე კოლონა არაფერია ღაზაში 2 მილიონზე მეტი ადამიანის საჭიროებებთან შედარებით.
ღაზაში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათი ნახევარი – ბავშვია.
ბნელ დროში არ უნდა დავკარგოთ ხედვა. ჩვენი ემპათია ყველას უნდა მიემართებოდეს: პალესტინელებს, ისრაელელებს, ებრაელებს, ქრისტიანებს და მუსლიმებს.
ამ წესებს ყველა მხარე ყოველთვის და ყველგან უნდა დაემორჩილოს. მოქალაქეები დაცულები უნდა იყვნენ.
დაუყოვნებელი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მილიონობით ადამიანის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი გახდა. მასზეა დამოკიდებული პალესტინელებისა და ისრაელების აწმყო და მომავალი.
მოვუწოდებ ყველა წევრ ქვეყანას, შეცვალეთ კრიზისის ტრაექტორია და იმუშავეთ ნორმალური პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად. სანამ ძალიან გვიანი არ არის”. – განაცხადა ფილიპე ლაცარინიმ.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
ტერორისტული თავდასხმის შედეგად 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 200-ზე მეტი დღემდე „ჰამასის” ტყვედ რჩება.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.