„ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს“, – პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ლევან იოსელიანმა დღეს ბრიფინგი გამართეს.
საუბარია კონსტიტუციაში იმ ინიციატივების ასახვაზე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია. შალვა პაპუაშვილის თქმით, რეფორმების პაკეტში მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ასახულია სამუშაო ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებებიც.
პაპუაშვილი ამბობს, რომ 3%-იანი ბარიერის ინიცირების მთავარი მიზანი ორპოლუსიანი სისტემის ჩანაცვლებაა.
„ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ამ ეტაპზე ამოცანას წარმოადგენს ორპოლუსიანი სისტემის მრავალპოლუსიანი სისტემით ჩანაცვლება, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შუწყოს პარტიებს, უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც იქნება შესაძლებლობა, რომ განიხილონ როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც.
„ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით და ახლაც ვაცხადებთ – ყველაფრისთვის საჭიროა არგუმენტები, ეს არ არის უბრალოდ რიცხვები, ამას სჭირდება არგუმენტირება. ამიტომ ეს არის ყველაზე კარგი ფორმატი…”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებითაც, ეს არის გზა, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციას დაასრულებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმების შესრულებას. მემორანდუმის თანახმად, გვქონდა შეთანხმება, რომ დაინიცირდებოდა ცვლილებები, რომლებიც 5%-იან ბარიერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწევდა, სულ მცირე, 3%-მდე და დატოვებდა სივრცეს იმისთვის, რომ ეს 3%-იანი ბარიერიც იყოს მსჯელობის საგანი იმ პარტიებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია კიდევ უფრო დაბალი ბარიერის არსებობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზება ამ ქვეყანაში რაღაცნაირად დავასრულოთ და ყველა მომდევნო არჩევნები იყოს არა ორ პარტიას, ძირითად ორ მოთამაშეს შორის, არამედ მრავალ პარტიას შორის. ეს არის ამოცანა, რასაც ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევუწყოთ ხელი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოინახება ოპოზიციაში 17 ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საკითხი II – იცვლება საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრთა რაოდენობა
შალვა პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი რეგულაციით, ფრაქციის ფორმირებისთვის საჭიროა პარლამენტის 7 წევრი. მისი თქმით, კანონპროექტით, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. როგორც ის ამბობს, ამის მიზანი საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებაა.
„ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას, შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და, შესაბამისად, მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის. ამ ინიციატივით, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი ამომრჩევლების მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაზე, გაიაზროს ამ ცვლილებების მასშტაბი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, უპასუხოს საკუთარი ამომრჩევლის მოლოდინს და გახდეს დემოკრატიული განვითარების მონაწილე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობა.
დეპუტატების განცხადებების წერილობით ვერსიას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.