საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს „ევროპული საქართველოს“ გარეშეც საკმარისი მხარდამჭერი ჰყავს და მათი მონაწილეობა კანონპროექტის მიღებისთვის აუცილებელი არ იყო.
„როგორც ვამბობდით, მოხდა ისე. „ქართული ოცნების“ 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო პროექტს. ასევე იმ დეპუტატებმა, რომლებიც ღიად აცხადებდნენ, რომ ისინიც მხარს დაუჭერდნენ. „პატრიოტთა ალიანსს“ გამოაკლდა ერთი წევრი და მან არ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, მოხდა ისე, რომ მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა „ევროპული საქართველოს“ გარდა. მათი ხმებიც დაემატა და საბოლოო ჯამში იყო 136 ხმა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც გადიოდა ჩვეულებრივად, მარტივად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ასე რომ, ყველა ის სპეკულაცია რომელიც ამ დღეების განმავლობაში იყო, აღმოჩნდა ტყუილი“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, არსებობდა საფრთხე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დღესაც ჩავარდნილიყო და საპარლამენტო უმცირესობამ კენჭისყრაში მონაწილეობა ამიტომ მიიღო. თუმცა, ბაქრაძის თქმით, თუკი ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, მეორე და მესამე მოსმენაზე „ევროპული საქართველო“ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას მხარს აღარ დაუჭერს.
საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.