„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათვისუფლებაზე საუბარს არ აპირებენ და იმედოვნებენ, ოპოზიციის მხარდაჭერით ან მის გარეშეც მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისთვის არც მოქმედი სისტემა ქმნის პრობლემას და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, ზიანი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მიადგებათ.
„თქვენც იცით, რომ არც უგულავა, არც ოქრუაშვლი, არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები და ამ საკითხზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენი მხრიდან ამ ცვლილებებს ექნება სრული მხარდაჭერა და თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აქ არის ორი ვარიანტი: ერთი ვარიანტია, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს და მაღალი ალბათობით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა. ამ შემთხვევაში შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სისტემა შეიცვლება. თუ არ შეიცვლება, ამ შემთხვევაშიკიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება სწორედ ამ ორ პარტიას. თუ ჰქონდათ ცოტა მეტი წარმომადგენლობის შანსი ახალი სისტემით 120/30-ით, ძველი სისტემით – 77/73-ით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება ეს ორი პარტია პარლამენტში წარმოდგენილი, რაც შეიძლება, ცუდი არც იყოს“, – თქვა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.