საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის რისკი მიზერულია, რადგან, კობახიძის თქმით, 117 დეპუტატს აქვს დადასტურებული დოკუმენტის მხარდაჭერა.
„ჩვენგან, „ქართული ოცნებიდან“ ეს არის 92 დეპუტატი. რაც შეეხება უმრავლესობის გარეთ მყოფ პარლამენტის წევრებს, მათგან აქვთ დადასტურებული 25 დეპუტატს, რაც ჯამში 117 -ია.
აქ არის ერთი პატარა ნიუანსი: ემზარ კვიციანმა დატოვა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“. ის იყო შეთანხმების ნაწილი. შესაბამისად, აქ მოსაკითხია და კონსულტაციები დაგვჭირდება იმაზე, რამდენად აძლევს ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ყველა შემთხვევაში გარანტირებულია, რომ 113-ზე რამდენიმეთი მეტი მისცემს ხმას”, – აცხადებს კობახიძე.
ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობაში მყოფ თითოეულ დეპუტატს გაცნობიერებული აქვს, რომ ეს არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. პროექტს კომიტეტზე დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან, 21 ივნისს კი რიგგარეშე სესიაზე გაიტანენ განსახილველად.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. კენჭისყრასა და განხილვებში არ მონაწილეობენ ენმ და „ევროპული საქართველო“.