საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.

„საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მიმდინარე წლის 21 მარტიდან კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერებულია. განხილვა განახლდება 22 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს ეხება. მთავრობისა და ოპოზიციის შეთანხმების შემდეგ უმრავლესობამ კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები 1%-იანი ბარიერითა და პროპორციულსა და მაჟორიტარულს შორის 120/30 განაწილებით უნდა გაიმართოს.

საქართველოს პარლამენტმა 17 მარტს კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საკონსტიტუციო კომისია დააკომპლექტა. ასევე, ცნობილია, რომ კორონავირუსის გამო, საკონსტიტუციო სახალხო განხილვა ჩვეულ ფორმატში ვეღარ გაიმართება. საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს, როგორ წარიმართება რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესები ისე, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს საფრთხე არ შეექმნას.