საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი სახალხო განხილვა 4 ივნისს გაიმართება - მაჭარაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი სახალხო განხილვა 4 ივნისს, 22:30-ზე სატელევიზიო ფორმატში გაიმართება. ცნობილია, რომ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ.

„4 ივნისს გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია. საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს, რომ პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით დაუსვან კითხვები კომისიის წევრებს და მათ ექნებათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში ამომწურავი პასუხები გასცენ ჩვენს მოქალაქეებს”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

საარჩევნო ცვლილებების განხილვის პროცესის შეცვლას მაჭარაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს უკავშირებს.

კონსტიტუციის მიხედვით, საერთო სახალხო განხილვები ერთი თვის განმავლობაში უნდა შედგეს. სატელევიზიო ჩართვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გარდა, აჭარის ტელევიზიაშიც იქნება.

გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღების რესურსი მათ გარეშეც არსებობს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებებს. თუ „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” მაინც გადაწყვეტს, რომ არ დაუჭირონ მხარი, ეს მათზე ნეგატიურად აისახება მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თუმცა, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ მხარს დაუჭერენ”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.