საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შესაძლოა, გენპროკურორის არჩევის წესის გარეშე განიხილონ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავს.

საკონსტიტუციო პროექტმა შარლ მიშელის შეთანხმების სახლით ცნობილი დოკუმენტით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა ასახოს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიღების შემდეგ საარჩევნო ბარიერი შემცირდება 2%-მდე; 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 წევრით; მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.

თუმცა შესაძლოა, კანონპროექტი კენჭისყრაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე გავიდეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო პარტიებს შორის კონსენსუსი მიღწეულია ყველა საკითხზე, გარდა ამ უკანასკნელისა. მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს და ხვალ დისკუსია გაგრძელდება.

„როგორც იურისტი გეტყვით, რომ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახული იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში, თავისი შინაარსით აბსურდულია. ჩემთვის როგორ იურისტისთვის შეიძლება შეურაცხმყოფელიც იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც საუბარია მის კონსტიტუციაში შეტანაზე. დისკუსია გაგრძელდება და ხვალ პროექტს ან ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ გენერალური პროკურორის შესახებ ჩანაწერის პროექტში დატოვება უარეს შედეგს გამოიღებს.

„გენერალური პროკურორის არჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს შედეგის მიღწევას ისევე, როგორც ვერ უზრუნველყო ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ნაწილში. ჩემი პოზიცია ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თავიდანვე იყო უარყოფითი. ამ ჩანაწერის მიღებით მივიღებთ უარეს მდგომარეობას, ვიდრე გვაქვს დღეს. ჩვენ მივიღებთ ერთი წლით არჩეულ გენპროკურორს, რომელიც იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე გვყავს დღეს. ამიტომ მე მომხრე ვარ, ეს ჩანაწერი ამოღებული იყოს კონსტიტუციის პროექტიდან“, – ამბობს იოსელიანი.

„ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა ფრაქცია მხარს უჭერს ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ჩანაწერს, დაბალ ბარიერს და ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების შემცირებას შვიდიდან ოთხამდე. მისი თქმით, პროკურორის საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

„გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით ცვლილებები შემოთავაზებული იყო ჩვენი მოდერატორების მხრიდან, სწორედ იმიტომ, რომ ეს საჭიროებს კონსენსუსს, მმართველ პარტიას არ შეუძლია მხოლოდ თვითონ აირჩიოს გენერალური პროკურორი. „ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში არ არის, ამიტომ საბოლოოდ ისეთ ვერსიას უნდა ვუყაროთ კენჭი, რომელსაც ყველა დავუჭერთ მხარს და ექნება საკმარისი ხმები“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი ვაშაძის პროგნოზით, კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ხვალ ჩამოყალიბდება.

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა გენერალურ პროკურორზე ცვლილებების მიღება, რაც არის რეალობა. ეს იმიტომ, რომ გენერალური პროკურორი არ იყოს კონსენსუსით არჩეული. დასავლური რეკომენდაციაა, რომ პროკურორი იყოს მიუკერძოებელი და მეტ-ნაკლები შეთანხმებით არჩეული, დაველოდებით დებატებს. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ყველა ფრაქცია საერთო მხარდაჭერაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. კარგია, რომ სრულად პროპორციულზე გადავდივართ, მაგრამ მართლმსაჯულების მიმართულებით უზარმაზარი პრობლემებია და საერთო რეფორმა გვჭირდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


კონსტიტუციური კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში. მის მე-2 მუხლს ემატება მე-11 და მე-13 პუნქტები, რომლებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მცირდება 2%-მდე, დგინდება, რომ 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.