საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა კიდევ ერთხელ გადავადდა

პუბლიკა

პარლამენტში ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა კიდევ ერთხელ, ამჯერად ორი თვის ვადით გადავადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.


მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი, ეს ვადამდელი არჩევნები, გასული წლის მსგავსად, 120+30 სისტემით უნდა ჩატარდეს, 1%-იანი ბარიერით, სადაც 30 მანდატი ისევ მაჟორიტარების იქნება.

ამ სისტემას ცვლის შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 0-დან 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარდეს. შეთანხმებით განსაზღვრული პირობები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში უნდა აისახოს, ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის – 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

სექტემბერში პარლამენტმა ამ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ბარიერი 2%-ით განისაზღვრა, თუმცა „ქართულ ოცნება“ მეორე მოსმენისთვის მის 1%-ით გაზრდას და საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო სახით მიღებისას 3%-იან ბარიერს მოითხოვდა.