საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში გენპროკურორის არჩევის წესს პლენარულზე ხვალ განიხილავენ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა I მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს.

კენჭისყრაზე პროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პროექტის სასარგებლოდ ხმა მისცეს ასევე პაატა მანჯგალაძემ, ფრიდონ ინჯიამ და ლევან იოსელიანმაც. ოპოზიციის დანარჩენმა წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი ერთი დათქმით განიხილეს, კერძოდ, I მოსმენით კენჭი ეყრებოდა პროექტს არსებული რედაქციით, თუმცა მე-13 მუხლს, გენერალური პროკურორის არჩევის წესს, ხვალ, 7 სექტემბერს გასამართ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები და ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი კანონპროექტიდან ამ მუხლის ამოღებას ემხრობიან. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ პროექტის სხვა მუხლებზე – საარჩევნო ბარიერის დაწევასა და ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობაზე – თანხმდებიან, თუმცა მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მსჯელობის შედეგად გადაწყდება, დაუჭერენ თუ არა კანონპროექტს მხარს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე.


საკონსტიტუციო პროექტმა შარლ მიშელის შეთანხმების სახლით ცნობილი დოკუმენტით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა ასახოს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიღების შემდეგ საარჩევნო ბარიერი შემცირდება 2%-მდე; 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 წევრით; მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.