საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორმები, რომელიც მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენის გამო, პირისთვის სავალდებულო წესით მართვის უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევას და პედაგოგიურ საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს, კონსტიტუციას არ ეწინააღდეგება.
უფრო ზუსტად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორმები რომელთა მიხედვითაც კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ან/და გადაგზავნას), სავალდებულო წესით ითვალისწინებს – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლის ვადით ჩამორთმევას, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
სასამართლოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეებმა: გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი წარმოადგინეს.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები არ შეესაბამება სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სიმძიმესა და მისგან მომდინარე ან მოსალოდნელ საფრთხეებს.
„ამასთან, მათი ავტომატური და აბსოლუტურად განსაზღვრული ხასიათი გამორიცხავს სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას.“
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კი, გასაჩივრებული ღონისძიებებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზნები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებულ და განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებული კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას.
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა მიმართულია მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ, ვინაიდან მომეტებული საფრთხის წყაროა და მოითხოვს მუდმივ სიფხიზლესა და სამართლებრივი წესების მკაცრ დაცვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ემსახურება ძალადობის პრევენციასა და იარაღის ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებართვის საფუძველზე განხორციელებადი სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფას. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება განათლების სივრცის დაცვას ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო გავრცელებისა და გავლენის რისკისგან, ასევე საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საჯარო ინტერესის დაცულობას. საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების, საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობისა და საჯარო ფუნქციის განხორციელებისას სამართლებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ.“ – ვკითხულობთ სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.