საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დღეს, 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს 29-31 აგვისტოს, სრული შემადგენლობით, განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.
სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება.
29-31 აგვისტოს სხდომებზე მოსამართლეები ორ საკითხზე იმსჯელებენ:
1) ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად;
2) არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა ნორმების მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, 38 ოპოზიციონერი დეპუტატის და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.
ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება.
პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან.
ოპოზიციის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენენ.
საკონსტიტუციო სასამართლოში „მთის ამბებისა“ და „სტუდია მონიტორის“ სარჩელს „მთის ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წარადგენს.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე იქნებიან.
რაც შეეხება პროცესს, განმწესებელ სხდომაზე მოსარჩლეები წარმოთქვამენ შესავალ სიტყვებს და არგუმენტებს სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
განხილვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა. მისი განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის სადავო ნორმებსა და მის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
„დღეს სხდომა გაიმართება, სადაც ვიმსჯელებთ სადაო ნორმების კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართებით და ასევე, მსჯელობა გვექნება, იმ შუამდგომლობების ირგვლივ, რომლებიც მხარეებს ამ ეტაპზე დაყენებული აქვთ. მათ შორის, შეჩერებასთან [დაკავშირებითაც უნდა ვიმსჯელოთ]“, – თქვა გიორგი თევდორაშვილმა.