საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „გირჩის“ სარჩელი კვოტირების გაუქმებაზე

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „გირჩის“ სარჩელი, რომელიც საარჩევნო სიაში კვოტირების სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.

„სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის თავსებადობა დემოკრატიული მმართველობის პრინციპთან და განმარტა, რომ სქესის ნიშნით კვოტირება არ უკავშირდება რაიმე ტიპის კონკრეტული იდეის ან/და პოლიტიკის ხელშეწყობას. ამასთან, კვოტირება ხორციელდება საარჩევნო უფლების მქონე იმ პირებს შორის, რომლებიც მეტნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილი და იგი არ იწვევს საქართველოს პარლამენტში საზოგადოების რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლობის არაპროპორციულად ზრდას. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მოქალაქეთა არჩევანზე სახელმწიფოს გავლენა არის მინიმალური, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული დემოკრატიის პრინციპთან თავისთავად შეუთავსებელ შეზღუდვად“, წერია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფოსაგან მოითხოვს სპეციალური ღონისძიებების გატარებას სქესის გამო წარმატების ხელისშემშლელი ხელოვნური საზოგადოებირივი ბარიერების დამაბალანსებელი მექანიზმების შექმნით. აღნიშნულიდან გამოდინარე, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა მიჩნეულ იქნა ლეგიტიმურ მიზნად, რომლის მისაღწევადაც შესაძლოა სარჩევნო უფლება შეიზღუდოს.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებაში აღნიშნავს, რომ „არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაში სავალდებულო რეგულაციების დაწესება იწვევს მოსარჩელეთა საარჩევნო უფლების შეზღუდვას.


მოსარჩელე მხარემ, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩმა“ კვოტირების წესის გაუქმების შესახებ სარჩელი ივლისში შეიტანა.

პარტიამ შეიმუშავა სისტემა, რომლის საფუძველზეც არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტიის პარტნიორთა მიერ გამოხატულ ნებაზე.

„სადავო ნორმა მოსარჩელე მხარეს ავალდებულებდა, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მოტივით, განეხორციელებინა ცვლილებები პარტიის პარტნიორთა მიერ განსაზღვრულ პარტიულ სიაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მსგავსი ვალდებულების დაკისრება გაუმართლებლად ზღუდავდა მათ საარჩევნო უფლებას. ამასთან, პოლიტიკური პარტია იძულებული ხდებოდა, უგულებელეყო საკუთარი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც უარყოფითად აისახებოდა პარტნიორთა მხრიდან პარტიის დაფინანსების საკითხზე და, შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა პოლიტიკური გაერთიანების სრულფასოვან ფუნქციონირებას“, – წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განხცადებაში.