საკონსტიტუციო სასამართლომ „ოცნების“ წარდგინების განხილვა დაასრულა

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა პარლამენტის წევრების წარდგინების არსებითი განხილვა, რომელიც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევას ეხებოდა. სასამართლო დასკვნას 14 ოქტომბრამდე პარლამენტს წარუდგენს.

„ბევრი დამსახურებული, დაუსახურებელი კრიტიკა წავიკითხეთ სოციალურ მედიაში. ზოგიერთი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი წინასწარ გამოთქვამს შეხედულებას, მაგრამ უმჯობესია ჯერ სასამართლოს დასკვნას დაველოდოთ“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა მოამზადოს დასკვნა – დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია გერმანიაში, საფრანგეთისა და ბელგიაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით.

პარლამენტარები წარდგინებაში მიუთითებენ კონსტიტუციის 52-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს პრეზიდენტის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.

პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლების პოზიციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მისი ვიზიტები გაიმართა 49-ე მუხლიდან გამომდინარე [ამ მუხლში წერია, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში საქართველოს].

მათივე განცხადებით, ზურაბიშვილის ვიზიტების მიზანი კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან გამომდინარეობდა, რაც გულისხმობს, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაასკვნის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარჩვია, პარლამენტი კენჭს უყრის მისი იმპიჩმენტის საკითხს, რომელსაც 100 ხმა სჭირდება. პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, შესაბამისად, სავარაუდოდ, იმპიჩმენტი ვერ შედგება.

პლენუმი 3 დღის განმავლობაში განიხილივადა საკონსტიტუციო წარგინებას.