საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა განახლდა.
სასამართლო დღეს უსმენს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს. უწყებას წარმოადგენენ თამარ ტყეშელაშვილი, ბექა ძამაშვილი, დავით დევიძე და ვახტანგ ბოხაშვილი.
შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება ლინგვისტი, სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას 29 აგვისტოს დაიწყო. სასამართლო საკითხს 29-31 აგვისტოს, სრული შემადგენლობით, განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.
სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
29-31 აგვისტოს სხდომებზე მოსამართლეები ორ საკითხზე მსჯელობენ:
1) ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად;
2) არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა ნორმების მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატების და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.
ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ ხდება.