საკონსტიტუციომ არჩევნებზე პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე,  პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო.

„არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“)”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

განსხვავებული აზრი ორმა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ დააფიქსირეს.

გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას ეხებოდა, თეიმურაზ ტუღუშმა კი კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.


19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების­ არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა პარლამენტის 30-მა წევრმაც.

დავის საგანი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევა იყო.