საკონსტიტუციომ „ჩიპიანი" პირადობის მოწმობების შესახებ სარჩელი განხილვაში მიიღო

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი  საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლო წერს, რომ მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას. მათი მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას.

შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, პირები, რომლებიც რელიგიური შეხედულებების გამო უარს ამბობენ პირადობის მოწმობის მიღებაზე, ვერ მონაწილეობენ ან შეფერხებით მონაწილეობენ არაერთ სამართლებრივ ურთიერთობაში. მაგალითად, ასეთ პირებს შეზღუდული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სამედიცინო მომსახურების მიღების, დასაქმების, განათლების, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის, რიგი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გარიგების დადების, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ა.შ.”, – წერს საკონსტიტუციო.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადაო ნორმის მოქმედება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს ამ პერიოდში შეეძლება მოითხოვოს პირადობის მოწმობა ჩიპის გარეშე.

„შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედება იწვევს მოსარჩელეთა მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხეს და არ დასაბუთებულა, რომ ნორმების მოქმედების შეჩერება გამოიწვევდა ამ საფრთხის საპირწონე კერძო ან საჯარო ინტერესების შეზღუდვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.