საკონსტიტუციომ პლაკატების გაკვრაზე საიას სარჩელი დააკმაყოფილა

პუბლიკა

11 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი საქმეზე – „გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა მესაკუთრის მიერ ან თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

საია მიიჩნევდა, რომ სარჩელში მითითებული სადავო ნორმიდან მომდინარე საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის  გადაწყვეტილებაში საქმეზე –  „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელსაც ასევე საია აწარმოებდა. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჰქონდა დადგენილი, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ვიზუალური საშუალებების განთავსებით გამოხატვის თავისუფლების საპირწონე ვერ იქნებოდა ამა თუ იმ შენობა-ნაგებობისა და მუნიციპალიტეტის იერსახის ხანმოკლე და დროებითი სახეცვლილება. შესაბამისად, სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და მიიჩნია, რომ სადავო ნორმას ჰქონდა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად იდენტური შინაარსი.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა დამძლევი ნორმის ინსტიტუტის გამოყენებით ძალადაკარგულად გამოაცხადა საქმის არსებითი განხილვის გარეშე.