საკონსტიტუციოს დაუწესდეს გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული ვადა - „ლელოს“ ინიციატივა

პუბლიკა

პარტია „ლელო“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საკონსტიტუციო სასამართლოს დაუწესდეს გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული ვადა.

ამასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში „ლელოს“ საპარლამენტო გუნდმა წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესატანად.

ინიციატივა გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია „ლელოს“ საპარლამენტო გუნდის წევრი თორნიკე ართქმელაძე. ინიციატივა ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა წარადგინა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის დღევანდელი რედაქციით, სასამართლოსთვის დადგენილია მხოლოდ საქმის განხილვის და არა გადაწყვეტის გამოტანის ვადა.

„სამწუხაროდ, არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წლების განმავლობაში არ აცხადებს გადაწყვეტილებას. ასეთი გახმაურებული საქმეა მაგალითად: ე.წ „კაბელების საქმე“,  ე.წ „მოსმენების საქმე“ და პანდემიის მართვასთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საქმე.

როგორც წესი, ეს ხდება პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე, ან ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მთავრობას აქვს ინტერესი.

ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ საქმის განხილვას, აუცილებელია გადაწყვეტილება მიღებულ იქნას დროულად, რადგანაც მოქალაქეებს ლოგიკურ ვადაში შეეძლოთ თავიანთი სადავო უფლებების აღდგენა.

„სხვა შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ხდება ფიქცია და ის ვერ ჩაითვლება სათანადოდ განხორციელებულად“, – განაცხადა მან.

პარია „ლელოში“ მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისი ცვლილებაც აუცილებელია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში.