საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ციხიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

GDI-ის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და გააუქმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 5-წლიანი პატიმრობა და ის გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულებიდან.

„მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას”, – წერს GDI.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც საპატიმრო სასჯელის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.

GDI აცხადებს, რომ მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისთვის იხდის სასჯელს.

საკონსტიტუციო სარჩელები „თეთრი ხმაურის მოძრაობისა” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ იყო მომზადებული. სასამართლოში მოსარჩელეების წარმომადგენლები იყვნენ ადვოკატი გიორგი მახარაძე და საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ასევე შეეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობისთვის.

„ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვონ მათი განაჩენების გადასინჯვა“, – ამბობს გოცირიძე.